29.04.2007

შეხვედრა რამაზ გოხელაშვილთან

    2007 წლის 29 აპრილს, მხარეთმცოდნეობის კლუბის ექვსი წევრი, ბიოლოგიისა და ისტორიის კურატორები სტუმრად ვეწვიეთ საქართველოს ბუნების დაცვის ცენტრის დირექტორს და ჟურნალ ,,მშვენიერი საქართველოს" მთავარ რედაქტორს, ბატონ რამაზ გოხელაშვილს.

ხმაურიანი და ერთფეროვანი ქუჩიდან უცებ საოცრად მშვიდ და ლამაზ გარემოში მოვხვდით. კედლებზე გაკრული პლაკატებიდან (პოსტერებიდან) ფრინველების, მცენარეების და ცხოველების იშვიათი სილამაზე გვიყურებდა. სილამაზით გაოცებულებს ბატონმა რამაზმა გვითხრა, რომ ბუნების ამ საოცარი წარმომადგენლებიდან ბევრს გადაშენება ემუქრება ის ძალიან საინტერესოდ გვესაუბრა ხევსურეთის ფლორასა და ფაუნაზე. საუბრის დაწყებისას მან მოგვითხრო საქართველოს ეროვნულ პარკებზე, ნაკრძალებსა და დაცულ ტერიტორიებზე. ჩვენ დაგვაინტერესდა, თუ რატომ არ აკეთებდნენ ასეთივე პარკებსა თუ ნაკრძალებს ხევსურეთშიც – იქ ხომ შესანიშნავი ბუნებაა.  ბტ–მა რამაზმა კი გვითხრა,  რომ ხევსურეთი ბუნებრივად დაცული ტერიტორიაა. ადამიანები უგზოობის გამო ვერ ახერხებენ პირიქითა ხევსურეთში გადასვლას, ამიტომ ვერანაირ საფრთხეს ვერ უქმნიან მის ბუნებას. 

 ხევსურები, თურმე ადრიდანვე იცავდნენ თავიანთ ტერიტორიებს. იყო სათემო მინდვრები, სადაც სხვა თემების მოსახლეობას არ შეეძლო შესვლა. ასევე მკაცრად იყო დაცული ტყის ჩეხვა და საძოვრების მოხმარება. გლეხი, რომელიც ერთი წელი საქონელს ერთ ადგილზე კვებავდა, შემდეგ ეს ადგილი აუცილებლად უნდა შეესვენებინა და სხვა ადგილზე გადაეყვანა საქონელი. ყველაფერ ამას ხევსურები განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევდნენ.